top of page
Post Soviet Georgia - main.png

საქართველოს პოსტსაბჭოურობის ფაქტორი
დასავლურ მედიაში 

შეძლებ, ამოხსნა თავსატეხი და მიხვდე, რომელ ქვეყანაზე წერს დასავლური მედია, როცა მათ ბრიტანეთის ან საბერძნეთის კოლონიებს, პოსტნაცისტურ ან პოსტ ავსტრია-უნგრეთის ქვეყნებს უწოდებს? თუმცა, დასავლური და ამერიკული მედია ასე არც მოიხსენიებს ქვეყნებს. გარდა რამდენიმესა და ეს რამდენიმეც საუკუნის წინ რუსეთის მიერ ოკუპირებული და საბჭოთა კავშირში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გაწევრიანებული ქვეყნები არიან. მათ შორისაა საქართველოც. 

ევროპული და ამერიკული მედიის ნაწილში შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საქართველო კვლავ მოიხსენიონ ,,პოსტსაბჭოთა ქვეყნად”. 7 მარტს  Reuters-ი თბილისში მიმდინარე  "უცხოეთის გავლენის აგენტების კანონის" მიღების საწინააღმდეგო აქციაზე უყვებოდა მკითხველს და წერდა, რომ მომიტინგეებმა ,,ყოფილი საბჭოთა კავშირის პატარა  ქვეყნიდან” პოლიციელებს სხვადასხვა ნივთები ესროლეს. საბჭოთა იმპერია 30 წელზე მეტია აღარ არსებობს, თუმცა ის დასავლური მედიისთვის კვლავ ფაქტორად რჩება. ტენდენცია კიდევ ისეთი გავლენიანი გამოცემებშის მასალებში შეიმჩნევა, როგორებიცაა: The GuardianNBC NewsVOAThe IndependentFinancial TimesPoliticoForbes… საქართველოს პოსტსაბჭოურობის მარკერი თან სდევს კულტურაზე, ეკონომიკაზა და პოლიტიკაზე ლაპარაკისას. ხოლო, როდესაც CNN-ი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლაზე წერდა, ერთ სტატიაში ოთხჯერ მიანიშნა ქვეყნის საბჭოთა წარსულზე. 

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში 14-მა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის განსხვავებული გზები აირჩიეს. 2000-იან წლებში ევროპის კონტინენტზე მყოფ ამ სახელმწიფოებს როგორც ახალ დემოკრატიებს, ისე უყურებდნენ და მათგან ტიპურ ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებად გარდაქმნას მოელოდნენ. თუმცა ეს მოლოდინი რამდენიმემ თუ გაამართლა. ორ კონტინეტზე კი მივიღეთ ,,პოსტსაბჭოთა სივრცე”: დაწყებული ევროკავშირისა და ნატოს წევრი ესტონეთიდან, დიქტატორული თურქმენეთით დამთავრებული. ამიტომაც, დასავლური მედიის მკითხველისათვის ვერც გეოგრაფიულ, ვერც კულტურულ და ვერც პოლიტიკურ მარკერად ვერ გამოდგება ქვეყნის საბჭოთა წარსული. ირაკლი ხვადაგიანი, ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი, ჩემთან ინტერვიუში ტერმინ ,,პოსტსაბჭოთას” განმარტავს და ამბობს: ,,გუშინ ეს ქვეყნები იყვნენ საბჭოთა კავშირის ნაწილი, საბჭოური ტოტალიტარული სისტემის შემადგენელი ელემენტები. ეს დასრულდა, ახლა გაჩნდა 15 დამოუკიდებელი, ცალკე არსებული ქვეყანა და ისევ ინერციით, ისეც ამ ცივი ომის დასრულების ექოდან გამომდინარე, გენერალიზება ამ ქვეყნების და ამ სივრცის, ისევ ხდებოდა, რომ ეს არის გუშინდელი საბჭოეთი, პოსტსაბჭოთა.” 

"საქართველო, რუსეთის ყოფილი კოლონია და საბჭოთა რესპუბლიკა, თავადაც იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი, ბოლოს - 2008 წელს. დღეს მისი ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ხელშია."  

დასავლური და ამერიკული მედიასააგენტოებიც მიჰყვებიან რიტორიკას, რომელიც მუდამ ისმის აკადემიურ თუ დიპლომატიურ წრეებში. გავლენიანი მედიების მიერ კი საქართველოს კონტექსტში ,,პოსტსაბჭოთა ქვეყნის” მუდმივი გამეორება საქართველოს ამ სტატუსს წლებია უნარჩუნებს. რუსეთის დღევანდელი საგარეო პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით, მედიაში ტერმინის მუდმივი გამეორება არც თუ უმნიშვნელოა. ,,პოსტსაბჭოურობა” მუდმივად აკავშირებს ქვეყნებს ყოფილ მჩაგვრელთან და ხელს უშლის საკუთარი იდენტობის აღდგენაში. მედიის ხარჯზე უზრუნველყოფა, რომ ქვეყანას აქვს ძლიერი ე. წ. პოსტსაბჭოთა იდენტობა რუსეთისთვის არის გზა, შეინარჩუნოს კავშირი ყოფილ კოლონიასთან. ,,ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორი, ნინო კალანდაძე რიგი დასავლური მედიების ტენდენციაზე მესაუბრა და განმარტა, რომ საქართველოს შემთხვევაში ტერმინ ,,პოსტსაბჭოთა ქვეყნის” გამოყენება არასწორია: ,,პოსტსაბჭოთა სივრცედ ვერ მოიაზრებ სივრცეს, რომელიც, პირველ რიგში, არ არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. არც ერთი სახელმწიფო, გარდა რუსეთისა, ამ შემადგენლობიდან არ გამხდარა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. ვერც ერთი სხვა სახელმწიფო ვერ შეიძლება მოიაზრებოდეს იმ გეოგრაფიულ თუ პოლიტიკურ სივრცედ, რომელსაც ის არ წარმოადგენს არც ფაქტობრივად და არც იურიდიულად.” ე. წ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სინამდვილეში არც არასდროს მიუღიაღ ის, რაც მათ რუსეთის იმპერიამ გასული საუკუნის დასაწყისში შესთავაზა. 

"ლიეტუვა არ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ეს არის ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირმა ძალით დაიპყრო."

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ კვლავ გაააქტიურა დეკოლონიზაციის საკითხი. სხვადასხვა ქვეყნებისათვის ეს ძეგლების დემონტაჟით, ქუჩებიდან საბჭოთა სიმბოლიკის სრული მოშორებით, საგარეო პოლიტიკის ცვლილებით, რუსულ კულტურასთან თუ ენასთან დამოკიდებულების გადახედვაში გამოვლინდა. უფრო მეტს საუბრობენ ტერმინ ,,პოსტსაბჭოთა ქვეყნის” გამოყენებაზეც. დღეს ქვეყნები ცდილობენ, წარმოჩნდნენ არა როგორც ,,პოსტსაბჭოთა”, არამედ თანამედროვე არსებობაში იპოვონ რაღაც, რაც მათ მნიშვნელობას გამოკვეთს. დეკოლონიზაციის საკითხის მიღება და ,,პოსტსაბჭოთა ქვეყნებისადმი” დამოკიდებულების გადახედვა მედიებსაც მოუწიათ. ამერიკულმა მედიამ, Associated Press (AP)-მა მწერალ ჟურნალისტებს სარედაქციო მითითებაც მისცა. AP-მ ჟურნალისტებს ურჩია, თუ ეს აშკარად არ შეესაბამება კონტექსტს, თავი აარიდონ 14 ქვეყნის (გარდა რუსეთისა) ,,პოსტსაბჭოთა ქვეყნად” მოხსენიებას. არადა, მანამდე თავად AP-საც არაერთხელ დაუხასიათებია საქართველო, როგორც ,,პოსტსაბჭოთა ქვეყანა”. 

ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ მათ ჟურნალისტებს არ აქვთ სარედაქციო მითითება გამოიყენონ ან არ გამოიყენონ ტერმინი ,,პოსტსაბჭოთა ქვეყანა” / ,,პოსტსაბჭოთა საქართველო” მასალაზე მუშაობისას. ჟურნალისტის თქმით, მათ მოლოდინი აქვთ, რომ OC Media-ს მკითხველი კარგად იცნობს კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს, ამიტომ არ არის საჭირო საქართველოს ადგილმდებარეობის დაზუსტება. ,,ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ისიც შეძლება იყოს, რომ ხშირად არ იწერება ჩვენზე,” - მეუბნება მარიამ ნიკურაძე, თუ რატომ შეიძლება მოიხსენიებდეს არაერთი დასავლური მედია საქართველოს კვლავ ,,პოსტსაბჭოთა ქვეყნად”. ,,ჩვენ [მედიები, რომლებიც ინგლისურად წერენ] შეგვიძლია დავიწყოთ დამკვიდრება ამ ახალი განმარტებების, რა და სად არის საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი,” - ამატებს ჟურნალისტი. 

,,პოსტნაცისტური ქვეყანა” - ამგვარი დახასიათება მედიისათვის ნამდვილად ძალიან უცხოა. მაშინ რატომ არ არის ასეთივე უცხო ,,პოსტსაბჭოთა სივრცე” ან ,,პოსტსაბჭოთა ქვეყანა”? ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი მთავარ განსხვავებას ორი იმპერიის, ,,თანაბარი ბოროტების” აღიარებასა და დანაშაულების დასჯაში ხედავს. ,,ნაცისტური ტოტალიტარული სახელმწიფო რეჟიმი, მისი დანაშაულები, მისი არსობრივი მიუღებლობა, გაკვეთილი, რაც ნაციზმის აღზევებას მოჰყვა არის საერთო კონსენსუსის შედეგი, გაანალიზებულია, დაგმობილია, რაც არ მომხდარა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ირგვლივ. ეს რიტორიკა, მიდგომა, ხედვა ჯერ კიდევ არის, რომელსაც სჭირდება, რა თქმა უნდა, სერიოზული შერყევა,” - მეუბნება ირაკლი ხვადაგიანი და ამატებს, რომ: ,,ეს უნდა იყოს კოორდინირებული, რაღაც საერთო ტალღის ნაწილი, რაც არ მისცემს საშუალებას მთელ საერთაშორისო განზომილებას, პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფოებს, თვალი დახუჭოს და ისევ ის ტენდენცია გააგრძელოს, თითქოს ჩვენი ტანჯვა, ჩვენი ტრაგედია, ჩვენი განცდილი ზიანი უმნიშვნელოა”. 

REUTERS eduard Korniyenko.webp

Eduard Korniyenko / REUTERS

მემორიალი, სახელად ,,ჩვენ გავიმარჯვეთ!", რუსეთი, სტავროპოლი

ქვეყნის საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღქმის ან მისი წარმოჩენისთვის არ არის უმნიშვნელო, მაგალითად, Reuters-ის ,,პოსტსაბჭოთა ქვეყნად” ახასიათებს მას თუ ,,ახალი დემოკრატიის” ქვეყანას უწოდებს. დროდადრო, მედიის დახმარებით, ყალიბდება და ნარჩუნდება შაბლონი, თუ როგორ დახასიათდეს საქართველო. ასე აცოცხლეს რიგმა მედიებმა 30 წელზე მეტია ,,პოსტსაბჭოთა საქართველოც”. მედიაფსიქოლოგი მარიამ გერსამია, შენიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, როგორ მოიხსენიებენ საქართველოს საერთაშორისო დოკუმენტებში, ევროკავშირის, გაეროს ან ნატო-ს მიერ გამოცემულ წესდებებში. მედიაფსიქოლოგის თქმით: ,,რაც უფრო ხშირად ვიმეორებთ ამა თუ იმ  ტერმინს, მით უფრო ხშირად გვამახსოვრდება და მკვიდრდება. მედიას შეუძლია თავისი როლი ითამაშოს იმაში, რომ ეს ტერმინები შეიცვალოს, იგივე წყაროებთან ურთიერთობაში, კითხვის დასმაში, ფორმულირებაში, ჟურნალისტმა თავის ტექსტში სხვაგვარად ახსენოს… ეს მაინც საერთო შეთანხმების საგანია”. ნინო კალანდაძე კი მეუბნება, რომ ,,პოსტსაბჭოურობის” მარკერით საქართველოს წარმოჩენა მნიშვნელოვნად ასუსტებს მისი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშის აღქმას: ,,შენ ყოველთვის მოიაზრები, როგორც რაღაც დიდის ნაწილი, რომელსაც, არსებითად, დამოუკიდებლად არაფრის გადაწყვეტა შეგიძლია” და რომ ტერმინების შესაცვლელად დიდი სამუშაოა გასაწევი.

media.png

როგორც შობა, ახალი წელი და გიორგობა, ჯორჯიაც ორი გვაქვს. ერთი ამერიკული, მეორეც - ქართული. ამერიკული მედიების შემთხვევაში, მითითება, თუ რომელ Georgia-ზე წერენ, ზოგჯერ საჭიროა. ხშირად ამერიკელ ჯორჯიელებს საპროტესტო აქცია, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, მიწისძვრა ან ომიც კი საკუთარ შტატში ჰგონიათ. მარიამ ნიკურაძის თქმით, საქართველოს საბჭოთა წარსული საუკეთესო მინიშნება არ არის და დასავლურ მედიებს, განსაკუთრებით კი ამერიკულს, შეუძლიათ საქართველო ხან აღმოსავლეთ ევროპის ნაწილად, სამხრეთ კავკასიის ან შავი ზღვის ქვეყნად მოიხსენიონ. ​

"ოდესაც ევროკავშირის და იმედი მაქვს, მალე ნატო-ს აღმოსავლეთ გაფართოების პერსპექტივა უკვე რეალობად იქცევა, მგონია, რომ ჩვენ სრულფასოვანი აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი უნდა ვიყოთ და ასე უნდა წარმოვჩინდეთ. ჩვენ გვაქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა, დავთმოთ, მაგრამ თუ ჩვენი იდენტობა არის ევროპული, ჩვენ ტერმინოლოგიურადაც უნდა მივებათ ევროპას."

- ნინო კალანდაძე  

,,პოსტსაბჭოთა ქვეყნის” სტატუსის მოშორება დაგვიანებულიც კია, თუმცა მაინც აუცილებელი. რიგმა დასავლურმა და ამერიკულმა მედიებმა რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისადმი თავიანთ პოლიტიკასაც უნდა გადახედონ. მედიის სათაურებიდან უნდა გაქრეს ,,პოსტსაბჭოთა საქართველო”. ირაკლი ხვადაგიანის თქმით კი, საქართველოს კონტექსტში,  ყოფილი იმპერია უნდა დარჩეს მხოლოდ როგორც საფრთხე, ,,რომ რუსული საბჭოური პროექტის ნაწილი არ გავხდეთ.” 

თეკლა ხარაზიშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია, 2023

bottom of page